საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მშობლებისთვის ახალი ლოცვა დაწერა, რომელიც დღეს პირველად ყოვლადწიდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების დროს წაიკითხა.
პატრიარქმა ბრძანა, რომ ლოცვის წაკითხვის დროს მშობლებმა წესი უნდა დაიცვან.
ილია მეორეს თქმით, "ასეთი წესი იქნება. ბავშვსა ან შვილს დააყენებთ მუხლებზე ხატების წინაშე. იმ ხატის წინაშე, რომელითაც თქვენ ლოცავთ. ორივე ხელს დაადებთ თავზე შვილსა და წაიკითხავთ ამ ლოცვას და თქვენ ნახავთ, უფალი სასწაულს მოგივლენთ და სრულიად შეიცვლება შვილი და ოჯახიც სიკეთისკენ.
აი, ამიტომ თქვენ დიდი ყურადღებით უნდა მოიქცეთ. თქვენ უნდა მოემზადოთ, სანამ დალოცავთ თქვენს შვილს მშობლები უნდა მოემზადონ", - ბრძანა პატრიარქმა.
"ღმერთო ჩვენო, მამაო ყოვლისა მპყრობელო, ძეო ღვთისაო უფალო ჩვენო იესო ქრისტე. სულო წმიდაო ცხოველმყოფელო, სამებაო ერთარსო და განუყოფელო, გარდამოიხილე ზეცით მოწყალე თვალით და დალოცე შვილები ესე საქართველოისანი. მონანი და მხევალნი ღვთისანი და მიმადლე მათ მრავალჟამიერი სიცოცხლე. მტკიცე მართლმადიდებელი სარწმუნოება, სიყვარული ღვთისა და მოყვასისა. თავმდაბლობა, განცდაი თვისთა ცოდვათა, სიბრძნე, სიმშვიდე და მოთმინება, ნიჭი და უნარი სწავლისა და შრომისა, ბედნიერი ოჯახი, მრავალი შვილი, კეთილდღეობა და სიხარული, გონება საღი და გახსნილი, გული წმინდა, სიყვარული მშობელთა თვისა.
ჰოი, უფალო შეისმინე ჩემი ლოცვა და დაიფარე შვილნი ესე ჩვენნი სულიერი და ხილული და უხილავი მტრებისაგან და ღირსყავ ისინი ცათა სასუფეველისა.
ლოცვითა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა შენთა. ამინ!" - ბრძანა პატრიარქმა.
Комментарии 47